Pages

daklikeeeeeeeee

Friday, May 13, 2011

უქმდება თუ არა ახალციხის უნივერსიტეტი

რატომ საუბრობენ ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის გაუქმებაზე? რატომ შეწყდა მიღება იურიდიულ, უცხო ენათა და ჟურნალისტიკის სპეციალობაზე? რა ბედი ელით მათ, ვინც უკვე სწავლობს აღნიშნული მიმართულებით? რას მიენიჭება პრიორიტეტი ახალ სასწავლო წელს და როგორ გადანაწილდება სახელმწიფო გრანტი. 

 თამარ ტეფნაძე ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია. აღნიშნულ სპეციალობაზე არჩევანი მისი პრესტიჟულობის გამო გააკეთა, ფიქრობს, რომ სამსახურის დაწყება არ გაუჭირდება, რადგან
,,კარგი იურისტი ყველა სამსახურს სჭირდება''.

იგივე მოსაზრებით იურიდიულზე აპირებს ჩაბარებას ახალციხეში მცხოვრები, მეთერთმეტეკლასელი ბექა ვანაძეც.


,,ამბობს, რომ მხოლოდ და მხოლოდ იურიდიულზე უნდა ჩაბარება. არადა, ვიცით, რომ ახალციხეში იურიდიული ფაკულტეტი გაუქმდა და გარდა ამისა, გრანტიც ან ასპროცენტიანი უნდა აიღო, ან სულ არა'', - ამბობს ბექას დედა. გარდა იმისა, რომ გრანტის აღების შანსი ძალიან დაბალია, ოჯახს დედაქალაქში ცხოვრების ხარჯებიც აფიქრებს.

ბექას ოჯახის მსგავსი საფიქრალი გაუჩნდებათ იმ აბიტურიენტების მშობლებსაც, ვინც არჩევანს იურიდიულის გარდა ჟურნალისტიკასა ან უცხო ენებზე შეაჩერებს. 2011-2012 სასწავლო წლისთვის ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ამ სპეციალობებზე მიღებას არ აცხადებს. ამ ფაქტს უკავშირებს უნივერსიტეტის რექტორი თინა გელაშვილი მოარულ ხმებს უნივერსიტეტის გაუქმების და კოლეჯად გადაკეთების შესახებ: ,,ბევრი ადამიანი გვირეკავს შეკითხვით, მართლა უქმდება თუ არა უნივერსიტეტი, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ უნივერსიტეტს საფრთხე არ ემუქრება. აღნიშნული ფაკულტეტები არ გაუქმებულა, უბრალოდ, მიღება შეჩერდა''.

შეჩერებას, როგორც რექტორი უწოდებს, თინა გელაშვილი დასაქმების ბაზრის მოთხოვნებით ხსნის: ,,ბაზარი შეისწავლეს და აღმოჩნდა, რომ ქვეყანა გაჯერდა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულებით, სამუშაო ადგილები კი აღარ არის. მაგალითად, სად უნდა იმუშაოს ახალციხეში დამთავრებულმა 30-მა ჟურნალისტმა ან იურისტმა''.

თუმცა, რექტორის თქმით, რამდენადაც მაღალია დაუსაქმებელ უმაღლესდამთავრებულთა რაოდენობა, იმდენად დაბალია მათი პროფესიონალიზმი:
,,რომ დაგჭირდეს, ადგილზე შეიძლება ვერც მოძებნო კარგი იურისტი. არიან, მაგრამ ერთეულები და უკვე დასაქმებულები. სახელმწიფოებრივი მიდგომაა ასეთი, გაიხსნება იურისტების ორი დიდი ცენტრი, სავარაუდოდ, ქუთაისში და თბილისში, სადაც მომზადდება ხარისხიანი კადრი''.

იურიდიულ ფაკულტეტზე მიღების შეჩერებას რექტორი კადრების ნაკლებობასაც უკავშირებს: ,,ერთი დღით ჩამოსული ლექტორი ფონს ვერ ქმნის. მოთხოვნა ასეთია, მინიმუმ ექვსი უნდა გყავდეს ადგილზე, ეს კი სჭირს''.

რაც შეეხება ჟურნალისტიკას, ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკა მაინორ პროგრამად დარჩება. სტუდენტებს შეეძლებათ ისწავლონ სხვა სპეციალობაზე და მეორად სპეციალობად ჟურნალისტიკა აირჩიონ.

,,აქაც ვეთანხმები მიდგომას, ჯერ უნდა იყო კარგი იურისტი, ან ეკონომისტი, რომ შემდეგ წერო ან აკეთო გადაცემა შესაბამის თემაზე'', - ამბობს თინა გელაშვილი.

ასევე მაინორ პროგრამებად რჩება უცხო ენები: გერმანული, ფრანგული, ბერძნული, თურქული, რუსული და სომხური. მათგან განსხვავებით, ინგლისურ ენაში მიღება გამოცხადებულია. რექტორის განმარტებით, ეს ფაქტიც მოთხოვნის ნაკლებობამ განაპირობა: ,,ყველა ირიცხება სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე და ერთი სემესტრის შემდეგ ირჩევენ სპეციალობას. უმრავლესობა მიდის ინგლისურზე, ერთ ენაში რჩება ერთი-ორი ბავშვი, ხარჯი კი იგივეა, ორკაციანი ჯგუფიც იგივე გიჯდება, რაც ოცკაციანი. ამიტომ ამ ეტაპზე ამ ენებზე მიღება შეჩერდა, როგორც კი მოთხოვნა გაჩნდება, მიღებაც გამოცხადდება''.

იმ სტუდენტებს, რომლებიც უკვე სწავლობენ აღნიშნულ სპეციალობებზე, პრობლემები არ შეექმნებათ. ისინი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას და ჩვეულებრივად მიიღებენ დიპლომებს.

2010-2011 სასწავლო წელს, პირველადი ჩარიცხვების შემდეგ, ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ბევრი ადგილი თავისუფალი დარჩა. ვაკანტური ადგილები არ დარჩენილა იურიდიულ ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის არსებობის ისტორიაში ამ სპეციალობაზე ყოველთვის ყველაზე მეტი მოთხოვნა იყო. ასევე პრესტიჟულ სპეციალობად ითვლებოდა და მაღალი კონკურსი იყო ჟურნალისტიკაზეც. ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ამ სპეციალობებზე მიღების შეჩერების გამო ახალ სასწავლო წელს უნივერსიტეტში მისაღები კვოტა არ შეივსება. თუმცა, უნივერსიტეტის რექტორი ამ მოსაზრებას არ იზიარებს.

,,მართალია, იურიდიულზე მოთხოვნა ყოველთვის იყო, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ცოტაა ისეთი სტუდენტი, ვისაც გაცნობიერებული აქვს რატომ აბარებს იურიდიულზე. ეს უბრალოდ იმიტომ ხდება, რომ `მოდური~ სპეციალობაა'', - ამბობს იგი და აქვე ამატებს, რომ აბიტურიენტებმა დაფინანსების ფაქტორიც უნდა გაითვალისწინონ. მომავალი წლიდან პრიორიტეტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს ენიჭება. გარდა ამისა, ბიზნესის ადმინისტრირება, მედიცინა, ჯანდაცვა, საერთაშორისო ურთიერთობები და იურიდიული ფაკულტეტი მხოლოდ ასპროცენტიანი გრანტით დაფინანსდება, - ,,გრანტები გადანაწილდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე. შესაბამისად, ამ სპეციალობებზე სრული თუ არა, ნაწილობრივი (30, 50 ან 70 პროცენტიანი) დაფინანსების მოპოვება მაინც შეუძლიათ''.

შემცირებული ფაკულტეტების მიუხედავად, ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს მაქსიმალური კვოტა 1300-დან 1907-მდე გაეზარდა. ახალ სასწავლო წელს ბაკალავრიატში 740 ადგილზე გამოცხადდება მიღება: 140 ადგილი – ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე; 300-300 ბიზნესის ადმინისტრებასა და განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. გარდა ამისა, უნივერსიტეტი მიიღებს 74 არაქართულენოვან აბიტურიენტს და დაახლოებით 70-მდე ვაკანსია გამოცხადდება მაგისტრატურაშიც.

ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე.
http://samtskhe-javakheti.blogspot.com/2011/02/blog-post_1431.html

No comments:

Post a Comment

გააკრიტიკე პოსტი :)